შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ მაჭარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ მაჭარაშვილი

მარცხნივ გრიგოლ მაჭარაშვილის საფლავი სოფელ ალში
გიორგი ჩუბინიძის ფოტო
დაბადების თარიღი 1835 წ.
სოფ. ალი
გარდაცვალების თარიღი 16 სექტემბერი, 1902
ფოთი
პროფესია სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, დეკანოზი
მშობლები მამა: სპირიდონ მაჭარაშვილი

გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი (დ. 1835, სოფ. ალი — გ. 16 სექტემბერი, 1902, ფოთი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარებელი წევრი ფოთში.

გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი დაიბადა 1835 წელს, გორის მაზრის სოფელ ალში. სოფელ ალში მცხოვრებ მაჭარაშვილთა გვარიდან არაერთი სასულიერო პირი იყო. ამის შესახებ თვით სოფელში არსებული კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის ეზოში მიმოფანტული საფლავის ქვები გვამცნობენ.

გაზეთ ,,ივერიის1902 წლის სექტემბრის ნომერში, ფოთის ქალაქის გამგეობა იუწყება, რომ გარდაიცვალა დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი, ფოთის ქალაქის წევრი და მისთვის ფოთის საკათედრო ტაძარში გადახდილი იქნება წირვა და პანაშვიდი. მას დეკანოზის წოდება 1887 წელს მინიჭებია. 1892 წლის 15 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით, 1895 წლის 6 მაისს კი წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვებულა. 1896 წლის 17 ნოემბერს დეკანოზი გრიგოლი ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ დაუნიშნავთ, 1900 წლის აღდგომას ენქერი უბოძებიათ. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარებელი წევრი ფოთში (1886-1900), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879 წლიდან). დეკანოზი 1902 წლის 16 სექტემბერს გარდაცვლილა. მისი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ კი გაზეთ ,,ივერიის” 25 სექტემბრის ნომერში საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. სოფელ ალში მის დაკრძალვას დაესწრო ფოთის ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე, ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის ავადმყოფობის გამო მის მაგივრად მიბრძანებულა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)( შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), პროცესიას უამრავი ხალხი მიუძღოდა, მათ შორის: 1. ფოთის ორკლასიანი სამრევლო სკოლის წარმომადგენლობა; 2. ფოთის ქალთა გიმნაზიისა და ოლგას დედათა სკოლის წარმომადგენლობა; 3. ფოთის ვაჭართა წარმომადგენლობა. აგრეთვე აღნიშნული პროცესიის მონაწილეთა შორის სახელდებიან ქრისტეფორე და ნინო ხუმარაძე, დიმიტრი გუგულაშვილის ოჯახი, ლეონტი და მინადორა ჩაჩანიძე, სხვა ნათესავ-ახლობლები და მრევლი. პროცესიას მიუძღოდა ვერცხლის ხატი გურია-სამეგრელოს საეპარქიო საბჭოსაგან, მაცხოვრის ვერცხლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულისაგან. მღვდელ-მთავრის წირვაზე გალობდა მგალობელთა ორი გუნდი: ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გურულ-მგალობელთა გუნდი გურულ კილოზე და ალის სამრევლო სკოლის მოწაფეთა გუნდი. სიტყვა წარმოუთქვამს მღვდელ გიორგი გეგეჭკორს, ხოლო ფოთელებმა განსვენებულის ქვრივს 400 მანეთი გადასცეს საყვარელი მოძღვრის საფლავზე მატურის ძეგლის ასაგებად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]